სერგო ფარაჯანოვის "საიათნოვა" (ბროწეულის ფერი)

სერგო ფარაჯანოვის "საიათნოვა" (ბროწეულის ფერი)

ავტორი

ზაზა ბულია

შეფასება

5

(1)

22

გაზიარება:

12.07.2025

მოკლე აღწერა

სერგო ფარაჯანოვი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეჟისორი იყო, რომლემაც მსოფლიო კინემატოგრაფიაში უდიდესი კვალი დატოვა. მისი ინდივიდუალიზმი და ესთეტიკური ხედვა განსხვავებული და ამავე დროს ორიგინალურია, რაც მას უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის. ქვემოთ მოცემულია "საიათნოვას" (1968) მცირე განხილვა.

  ბროწეულის ხეა, ხე სიკეთისა და ბოროტებისა, მშვენიერებისა და სიკეთის სიმბოლო, რომლის გამოცდაც გადაწყვიტა ადამიანმა და მასში ეჭვი შეიტანა. ბროწეულია სიმბომო ადამიანის პირველყოფილი ცოდვისა, წითელი ფერი კი სიმბოლო მშვენერების დაკარგვისა. ეს სისხლია, სისხლი, რომელიც სინანულის უტყვ, თუმცა შინაგანად გამომწვევი უდიდესი ხმაურის ნარატორად ქცეულა. ფილმი პიროვნებას ადუმებს, აქცევს რა Homo Silentus-ად და იმდენად დიდ სიწყნარეს იწვევს, რომ აქ შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ტარკოვსკის მსხვერპლშეწირვა და სენტიმენტალური თანამდებობრიობა. კულტურული ელემეტები ფილმის განუყოფელი ნაწილია, რომელმაც კავკასიის რეგიონს ერთგვარი სტატიკურობა შესძინა და იქცა მის პასპორტად. გვახსენდება უმბერტო ეკოს პოსტმოდერნიზმით გაღვიძებული შუა საუკუნეები  და თუმცა, მართალია, ეს თამაშია, მაგრამ თამაშიც შეიძლება სერიოზული და ღრმა იყოს, როგორც ცხოვრება, სიცოცხლე და სული ტანჯვად ქცეული. წიგნები ჰგვანან ეკლებში ამოზრდილ ვარდებს, როგორც ბავშვები, როგორც საყრდენნი ყოველგვარი რწმენისა და ჰარმონიულობისა. ფილმში იმდენად დიდი ყურადღება ექცევა შეგრძნების ელემენტებს, რომ ადამიანს ამ ესთეტიკური სილამაზის განცდა უწევს ერთდროულად, როგორც ხედვისა და სმენის, ასევე ყნოსვის ორგანოებითაც, რადგან მას მთელი დროის განმავლობაში თან სდევს სისხლის სურნელი.
დაცული სიმეტრიულობა რენესასნის ეპოქის მრავალი კუთხით დანახულ ერთ, თუმცა ამავე დროს მრავალფეროვან ნიმუშს მოგაგონებთ. პიტერ ბრეიგელ უფროსის ფერწერულად გადმოცემული სიბრძნის მთელი რიგი. ჰიპოსტასი და ტკბობა ინტერპრეტაციებით, რომელიც იმდენად უზარმაზარ გავლენას ახდენს, რომ შეუძლებელია მოსწყდე. ჩვენ, ადამიანები ვართ ნაწილი განუკურნებლობისა, თუმცა ამავე დროს ქაფიდან წარმოშობილი სიყვარულის შვილები, რომელსაც სიკვდილის დამარცხება ძალუძს. არასდროს ყოფილა ასეთი სასაიამოვნო სინანულის გრძნობა, გახსენება კაცობრიობის მარად თან მდევი დანაშაულისა. თითქოს წარმოუდგენელი ძალით არის დაძლეული, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი საზღვარი. ეს მოითხოვს ადამიანის ფსიქოლოგიის სიღრმისეულ ცოდნას, ანდაც თავისთავად არსებულ მშვენიერებას. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც სიწმინდე იწვის, თუმცა ფილმი არა ამ ცეცხლის გაქრობისკენ, არამედ მისი სწორი მიზნის წარმართვისკენ მოგვიწოდებს. გამოვიყენოთ რა მისი სითბო და სინათლე, ვიქცეთ მზეებად, ანუ უანგარო სიკეთეებად და დაე იყოს ნათელი. კავკასიური კულტურა ქრისტიანობის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომაც ფილმში მუდმივად შევხვდებით ქრისტიოანობას, რაც პასუხია კითხვაზე ვინ ვჩანვართ ჩვენ და სად არის ჩვენი თავშესაფარი ჩვენივე გრძნობებისთვის, სულისთვის. სად არის სახლი და როგორია ის. ბავშვობა არის ის რაც დავკარგეთ, ცრემლები გლოვაა დაკარგულისა, ძიება მცდელობა პოვნისა. ფრთებია ჩვენი ოცნება და ფრენა უწვდომელ ზეცაში. ბავშვიც ხომ ანგელოზია მიწისა, რომელს უჩინარი ფრთები მოსავს. მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ ფრენა და ფარაჯანოვიც ბავშვი იყო და ბავშვად დარჩა.
რეჟისორები არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ხედავენ და ქმნიან ფილმს, ჩვენ კი თაობა, რომელიც ფილმიდან უყურებს ცხოვრებას. ჩვენი თვალი კამერაა სილამაზის ჭვრეტისა, ხოლო სული უდიდესი საკუთრება სილამაზეში მშვენიერების ხილვისა, რამეთუ მშვენიერის დანახვა მხოლოდ მშვენიერს შეუძლია. ფარაჯანოვი სულის ემანაციაა და განცდა ადამიანში ადამიანისა. ფილმი იწყება სიწმინდით (თეთრი), გრძელდება სიყვარულით (წითელი), მთავრდება სიკვდილით (შავი), ფაქტობრივად ერთი სხეულია, ერთი სიცოცხელა. ცხოვრება მარადიული ჭიდილია სიკეთისა და ბოროტებისა, ანუ თეთრისა და შავისა, სიკვდილი კი ნიშანია დაბადებისა - "მოკვდა არუტინი, დაიბადა არუტინი", გაიმარჯვა სიყვარულმა. როგორც სტეფან მალარმე იტყოდა, ლექსის ახსნა ნიშნავს სიამოვნების სამი მეოთხედის დაკარგვას, მსგავად ამისა, "საიათნოვა" არის ფილმი, რომელსაც პირველად უნდა უყურო არა გააზრებისთვის, არამედ სიამოვნებისთვის, ესთეტიკური ტკბობისთვის, შემდეგ კი აუცილებლად თავიდან დაიწყო ყურება, ამჯერად უკვე განსჯისთვის. ბავშვებთან ერთად მუსიკაც მთავარი პერსონაჟია ფილმისა. ტაძრის აგება არ არის მხოლოდ ფიზიკური პროცესი. ის უფრო სწრაფად შენდება არამატერიალურად, რწმენა ქმნის მის იდეურ სილამაზეს და შინაგან სისავსეს. "საიათნოვა" ბევრად მეტია, ვიდრე ისტორიული მნიშვნელობა და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ გაბრძოლება. ის არ ეხება დროებითს, არამედ მარადიულს და, შესაბამისად, თავად აქცევს ამით საკუთარ თავს უსასრულობის ნაწილად. სიკვდილი მხოლოდ მდგომარეობაა და არა უკურნებელი დაავადება, მას შემდეგ, რაც რწმენა ჰგიებს საკუთარ თავს.

დატოვე შეფასება

5

(1)
კომენტარები